რუმინელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს პერსონალური მონაცემების დაცვის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს
2014-11-05 12:24:262014 წლის 4 ნოემბერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის აქტივობების მიმოხილვა, რა სამომავალო ნაბიჯებია გადასადგმელი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გემის შესასრულებლად და როგორია რუმინული გამოცდილება. გაიმართა ანტიდისკრიმინაციისა და პერსონალურ მონაცემების დაცვის საკითხებზე დისკუსიები და ვორქშოფები.
პრეზენტაციაზე თავის მოხსენებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ისაუბრა საქართველოში პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევების შესახებ, მიმოიხილა ინსპექტორის აპარატის ერთი წლის საქმიანობა და აღნიშნა, რომ დაბალი ცნობადობის გამო, პირველ წელს აპარატმა ფოკუსირება მონაცემთა მსხვილ დამმუშავებლებზე გააკეთა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 702 წერილობითი და ზეპირი კონსულტაცია, 800 საჯარო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგი, განხორცეილდა 18 საჯარო ორგანიზაციის შემოწმება და 22 მოქალაქის განცხადების შესწავლა - აღნიშნა ინსპექტორმა.
თამარ ქალდანის თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის ევროპული სტანდარტის დამკვიდრება ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ნაწილია და ამ გზაზე გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. "რუმინეთის გამოცდილება, რომელსაც 10 წელზე მეტია აქვს საზედამხედველო ორგანო, საინტერესო და სასარგებლოა, ამიტომ ვცდილობთ მათი რჩევები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.
პროექტს ახორციელებენ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტოგალერეა
ღონისძიების გაშუქება მედიაში