ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები
2014-10-24 12:18:572014 წლის 23 ოქტომბერს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ანალიტიკური დოკუმენტის "უვიზო მიმოსვლა ევროპაში - საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურის "როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?" პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრისა ექსპერტებმა, სახელმწიფო და არასამთავრო სექტორის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სავიზო პოლიტიკას და მის გავლენას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რამდენად შეძლო საქართველოს მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელება და რამდენად რეალურია, რომ 2015 წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზები აღარ დასჭირდეთ.
შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო სარიშვილმა მოხსენება აპარატის საქმიანობის შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი რამდენიმე დღეში კერძო სექტორის მიმართაც ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი სრულად იქნება ამოქმედებული ყველა სექტორის მიმართ.
ნინო სარიშვილმა მიმოიხილა ერთი წლის საქმიანობა და ის გამოწვევები, რომელიც აპარატის წინაშე დგას. ისაუბრა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
შეხვედრაზე წარმოდგენილი ანალიტიკური დოკუმენტი "უვიზო მიმოსვლა ევროპაში - საქართველოს პერსპექტივა” ხელმისაწვდომია ამ ბმულზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბროშურის "როგორ ავიღოთ შენგენის ვიზა?" ელექტრონული ვერსიაც.