ვიდეოთვალთავლის შესახებ რეკომენდაციები მომზადდა

2014-10-22 12:06:28

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ვიდეოთვალთავლის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომლის მიზანია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულება და ევროპული სტანდარტის დამკვიდრება.

დოკუმენტში განმარტებულია რას ნიშნავს ვიდეოთვალთვალი, სად, როდის, რა მიზნით და რა შემთხვევებშია დასაშვები ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება.

„რადგან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ–ერთ ყველაზე რადიკალურ ფორმად, აუცილებელია ორგანიზაციებმა გაიაზრონ საფრთხეები და დაასაბუთონ ვიდეოთვალთავლის სისტემის გამოყენების აუცილებლობა. მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი არა მხოლოდ მათი უფლებების შესახებ, არამედ იმის შესახებაც, თუ როდის იმყოფებიან ვიდეოკონტროლირებად სივრცეში“ - აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

„ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამისთვის აუცილებელია ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, სადაც დაცული უნდა იყოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები და ვიდეოჩანაწერზე წვდომა,ვიდეოთვალთვალის კონტროლის ოთახში შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ პირთა შეზღუდულ წრეს მათი პირდაპირი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეკომენდაციების დანართში მოცემულია გამაფრთხილებელი ნიშნის რამდენიმე ნიმუში და აღნიშნულია, რომ ვიდეოთვალთვალის დროს ორგანიზაციები ვალდებულები არიან თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც აღქმადი უნდა იყოს კონტროლის სივრცეში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანისთვის.

დოკუმენტი განკუთვნილია ვიდეოთვალთვალის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.