პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პირდაპირი მარკეტინგის შესახებ რეკომენდაციები მოამზადა
2014-09-11 11:44:35
2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწას.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე ინსპექტორის აპარატმა მოამზადა სპეციალური რეკომენდაციები, რომელიც მიზნად ისახავს პირდაპირი მარკეტინგის დროს მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვას, პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას და კანონის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის პრევენციას.
დოკუმენტში განმარტებულია რა არის პირდაპირი მარკეტინგი, რა უფლებები აქვთ პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელს და პირდაპირი მარკეტინგის სუბიექტებს.
რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემები შეიძლება შეგროვდეს მხოლოდ 2 წყაროდან: საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ან უშუალოდ მომხმარებლისგან, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაძლებელია დამუშავდეს მხოლოდ შემდეგი მონაცემები: სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქსის ნომერი.
მნიშვნელოვანია, რომ კანონში ცვლილებების შედეგად დაიხვეწა და ხაზი გაესვა, რომ პირდაპირ მარკეტინგზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომლის სახელითაც იგზავნება სარეკლამო შეტყობინება, მიუხედავად იმისა, უშუალოდ ახორციელებს მარკეტინგს თუ სარეკლამო კომპანიის მეშვეობით.
დოკუმენტის მიხედვით პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებლების ვალდებულებაა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მონაცემების მოპოვების წყაროზე, მიაწოდოს მისი საკონტაქტო ინფორმაცია და უზრუნველყოს მომხმარებლის შესაძლებლობა, მოითხოვოს მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება ასეთი მოთხოვნისათვის (მაგალითად, სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისას მიუთითოს ტელეფონის ნომერი, სადაც დარეკვით მომხმარებელს საშუალება ექნება, რომ უარი თქვას პირდაპირ მარკეტინგზე).
„თუკი მარკეტინგის განმახორციელებელი არ უზრუნველყოფს ამ უფლებათა დაცვას და მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები მუშავდება არაკანონიერად, მას შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მე-5 თავი პერსონალური მონაცემების შემცველი ბაზების შესყიდვას ეხება და განმარტებულია, რომ მონაცემთა ბაზების შესყიდვის დროს მარკეტინგის განმახორციელებლი ვალდებულია, დარწმუნდეს მონაცემთა მოპოვება/შეგროვების კანონიერებაში (უნდა შემოწმდეს სუბიექტის თანხმობა, ინფორმაციის საჯაროობა, წყარო და სხვა) და უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან მონაცემთა ბაზების შეძენის შემთხვევაში, მარკეტინგის განმახორციელებელს ეკისრება პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დაცვასა და შემდგომი დამუშავების კანონიერებაზე.
რეკომენდაციები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (85) 20 რეკომენდაციისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.