პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვიზიტი საქართველოში
2014-05-08 11:22:582014 წლის 8 მაისს პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ვოისეჰ ვიევიუროვსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ურსულა გორალი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.
ვოისეჰ ვიევიუროვსკიმ მოისმინა პრეზენტაცია 9 თვის განმავლობაში საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნა პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, ინსპექტირების, კონსულტაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვიზიტის შეფასებისას ვოისეჰ ვიევიუროვსკიმ აღნიშნა: „ჩემი ვიზიტის მიზანია, პოლონეთის 15 წლიანი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ჩვენ მასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“.
თამარ ქალდანმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ პოლონეთი კოორდინაციას უწევს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა თანამშრომლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე“.
ვოისეჰ ვიევიუროვსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.