სტრასბურგში ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის (CAHDATA) მეორე სხდომა იმართება
2014-04-29 14:15:422014 წლის 28-30 აპრილს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომიტეტის (CAHDATA) მეორე სხდომა იმართება, რომელსაც კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და დამკვირვებლების სტატუსით ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან.
კომიტეტში საქართველოს წარმოადგენენ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და აპარატის წარმომადგენლი ნინო სარიშვილი.
შეხვედრაზე მეორე მოსმენით განიხილება ევროპის საბჭოს 108 კონვენციის განახლებული ვერსია განმარტებითი ბარათით, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს არეგულირებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ad hoc კომიტეტი 2013 წლის 10 ივლისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ შეიქმნა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ 108 კონვენციის მოდერნიზაციის და მისი განმარტებითი ბარათის შემუშავების მიზნით.
თანამედროვე გამოწვევების, სნოუდენის და სხვა მსგავსი გახმაურებული მოვლენის შედეგად დღის წესრიდში კიდევ უფრო აქტიურად დადგა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების დახვეწის საკითხი.
ეს სხდომა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა ევროპული გამოცდილების გაზიარების და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღმავებლად.