პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2014-02-15 13:43:54საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროს მოსამსახურეთათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მემორანდუმის მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ საგანმანათლებლო და ორგანიზაციულ–ტექნიკური რესურსებით სარგებლობაში. ასევე, უზრუნველყონ ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ერთობლივი ორგანიზება და მათში აქტიური ჩართულობა.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, 15 თებერვლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის, ტრენინგების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ ერთობლივად დაიწყო. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციას.