პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
2014-01-29 13:36:3128 იანვარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპის საბჭოს ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, 28 იანვარი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა.
ღონისძიების გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე - ბორის იაროშევიჩი.
პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსოლიდაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების თემაზე და წარადგინა აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით, მოხსენება გააკეთეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსმა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოხდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდის (www.personaldata.ge; www.pdp.ge;) პრეზენტაცია.
ღონისძიებას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის („ENIGMMA - საქართველოს მხარდაჭერა მიგრაციის მართვის სფეროში“) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.