პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების შესახებ სპეციალური ფორმა შეიმუშავა
2013-11-22 13:22:28ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების შესახებ სპეციალური ფორმა შეიმუშავა. კანონმდებლობის თანახმად, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები ვალდებული არიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების შესახებ, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების მიზანი, შენახვის ვადები, განადგურების მეთოდოლოგია და სხვ.
ბიომეტრულია ნებისმიერი მონაცემი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ადამიანისთვის და რომლის საშუალებით შესაძლებელია პირის უტყუარი და ზუსტი იდენტიფიცირება. მაგალითად, ასეთი მონაცემებია თითის ანაბეჭდები, თვალის ფერადი გარსის გამოსახულება, დნმ-ის კოდი და სხვ.
ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება განსაკუთრებულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული ამ მონაცემების მახასიათებლებიდან გამომდინარე. კერძოდ, ბიომეტრულ მონაცემებზე არამართლზომიერი წვდომა და დამუშავება შესაძლებელია გახდეს დისკრიმინაციული ქმედების საფუძველი, ასევე, გამოწივიოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფა და სერიოზული საფრთხე შეუქმნას პიროვნების უსაფრთხოებასა და საკუთრებას.
საქართველოს კანონმდებლობით, ბიომეტრული მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ საქმიანობის განხორციელების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნებისთვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა უნდა იყოს შეუძლებელი ან უკავშირდებოდეს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას.
ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავებისას აუცილებელია რისკის პროპორციული უსაფრთხოების ზომების გატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემთა ხელყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბიომეტრულ მონაცემებთან წვდომა იყოს მკაცრად შეზღუდული და აღრიცხული.
კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიაწოდონ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ და შეავსონ სპეციალური ფორმა.
ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავების რისკების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ორგანიზაციებს მოუწოდებს კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინონ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება და კონსულტაციისათვის მიმართონ ინსპექტორის აპარატს.