ინსპექტორის განცხადება
2016-07-13 11:20:25პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ინსპექტირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და რამდენიმე ბანკის მომართვის შედეგად დაიწყო.
სხვადასხვა ვებგვერდებზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალი რისკს.
უსაფრთხოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, დეტალურად გაეცნონ მომსახურების პირობებს, გაანალიზონ ის რისკები, რაც ასეთი სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს და თუკი უკვე აქვთ რომელიმე კომპანიისთვის მიწოდებული ინტერნეტბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი, სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი.
ვინაიდან ამგვარი მონაცემების შეგროვების პრაქტიკა შესაძლოა სხვა კომპანიებშიც იყოს დანერგილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გვაცნობონ აღნიშნული ფაქტების შესახებ.