პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება
2015-09-09 11:05:12პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას, რომ „შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ“ მასსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შესახებ.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაში არ ისაუბრა კონკრეტულ გარემოებებზე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება. თავის მხრივ, ინსპექტორის აპარატი მზად არის სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. 2015 წლის 31 მარტიდან ინსპექტორის ფუნქციებს დაემატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ზედამხედველობის ფუნქცია.