პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება
2015-02-11 11:03:16პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედია საშუალებებში მიმდინარეობს.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი.
მიუხედავად ექსპრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების ან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ როგორც გარდაცვლილი პირების, ისე - მათი ოჯახის წევრების ღირსებას.