#ახალიკანონი
2023-10-11 11:09:20პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი მიიღო.
ახალი საკანონმდებლო აქტი ხელს უწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
-
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
- მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა;
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;
- და სხვა (საფუძვლების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ახალი კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-
მონაცემთა დამუშავების ახალი პრინციპები
ახალ კანონში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მკვიდრდება მონაცემთა დამუშავების ისეთი პრინციპები როგორიცაა - გამჭვირვალობის პრინციპი, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მონაცემების წაშლა/განადგურების პრინციპი, ასევე, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღების პრინციპი.
აქვე, საყურადღებოა ისიც, რომ ახალი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები უნდა დამუშავდეს მათი შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით და თუ დამუშავება მონაცემთა სუბიექტის თანხმობით ან კანონის საფუძველზე არ ხორციელდება, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა დამუშავების საკითხის გადაწყვეტისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:
- არსებობს თუ არა მონაცემთა შეგროვების/მოპოვების თავდაპირველ მიზანსა და შემდგომ მიზანს შორის კავშირი;
- მონაცემთა შეგროვებისას/მოპოვებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და მონაცემთა სუბიექტს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათი;
- აქვს თუ არა მონაცემთა სუბიექტს მის შესახებ მონაცემთა შემდგომი დამუშავების გონივრული მოლოდინი;
- ხორციელდება თუ არა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება;
- მონაცემთა სუბიექტისთვის შესაძლო შედეგები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს მონაცემთა შემდგომ დამუშავებას;
- მონაცემთა ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების არსებობა.
მართალია, დღეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებშიც, სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების პროცესში ზემოაღნიშნულ საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, თუმცა, ახალი კანონის ძალით მათი პრინციპების რანგში აყვანა საგრძნობლად გაზრდის მონაცემთა დაცვის სტანდარტს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებით გავლენას იქონიებს მონაცემთა სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე.
-
ტერმინები
კანონი ახლებურად განმარტავს ტერმინს „მონაცემთა სუბიექტის თანხმობა“. კერძოდ, თანხმობა განიმარტება, როგორც, მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება. იმისათვის, რომ თანხმობა, გამოყენებულ იქნეს როგორც მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი, მნიშვნელოვანია, თანხმობა ითვალისწინებდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტს.
ახალი კანონი შემდეგნაირად განმარტავს აუდიომონიტორინგს: საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა).
ფართოდ ყალიბდება „პირდაპირი მარკეტინგის“ განმარტება. კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგი არის ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი განმარტავს ისეთ მნიშვნელოვან ახალ ტერმინს, როგორიცაა „პროფაილინგი“. კერძოდ, პროფაილინგი არის მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.
კანონი შეიცავს მორიგი ახალი ტერმინის - „ინციდენტის“ განმარტებასაც, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევას, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს მონაცემთა „ფსევდონიმიზაცია“ წარმოადგენს, რომელიც შემდეგნაირად განიმარტება: მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება.
-
მონაცემთა გამჭვირვალობა
- ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პრინციპის დონეზე განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების „გამჭვირვალობას“. კანონის თანახმად, „მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.“
- მის შესახებ იმ მონაცემის შესახებ, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის თაობაზე;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
- მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
- მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-
პორტირების უფლება
ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ აფართოებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და ამყარებს ამ უფლებათა დაცვის გარანტიებს. ერთ-ერთი ახალი უფლება, რასაც ახალი კანონი მონაცემთა სუბიექტებს ანიჭებს, მონაცემთა გადატანის, ე.წ. „პორტირების“ უფლებაა. კერძოდ, როდესაც პერსონალური მონაცემები ავტომატური საშუალებით მუშავდება თანხმობის საფუძველზე, ან მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
მონაცემთა გადატანის უფლება მონაცემთა სუბიექტებს გაუმარტივებს გარკვეული სერვისებით სარგებლობას. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, კომპანიებმა უზრუნველყონ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების დანერგვა, რათა შესაძლებელი გახადონ პერსონალურ მონაცემთა გადატანა ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთი გარემოდან მეორეში და რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულის განხორციელებისას გაატარონ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ამკვიდრებს საჯარო და კერძო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულებას. კანონის თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი განსაზღვრავს/ნიშნავს ოფიცერს, რომელიც უზრუნველყოფს:
- მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;
- მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას სამსახურთან ურთიერთობაში;
- მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
- ასევე, პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.
კანონის თანახმად, ოფიცრის დანიშვნის ან განსაზღვრის ვალდებულება ეკისრებათ საჯარო დაწესებულებებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საკრედიტო ბიუროებს, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სამედიცინო დაწესებულებებს, აგრეთვე დამუშავებისთვის პასუხისმგებელ და დამუშავებაზე უფლებამოსილ იმ პირებს, რომელიც ამუშავებენ დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებენ მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს. ამასთან, პირთა წრე, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
საყურადღებოა ისიც, რომ, მართალია, კანონი ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს აკისრებს, თუმცა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ სხვა პირებს, საკუთარი შეხედულებისამებრ, უფლება აქვთ, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში. ამასთან, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მოეთხოვებათ, უზრუნველყონ ოფიცერი შესაბამისი რესურსებითა და დამოუკიდებლობით საქმიანობის განხორციელების პროცესში. გარდა ამისა, მათ ეკისრებათ ვალდებულება, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნონ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის გაფრთხილებას, ხოლო იგივე ქმედება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
ოფიცრის ინსტიტუტის გაჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობას აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მნიშვნელოვნად აძლიერებს მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის გარანტიებს.
-
ზეგავლენის შეფასების ვალდებულება
- მონაცემთა სუბიექტისთვის სამართლებრივი, ფინანსური ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილებას იღებს სრულად ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე;
- ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მონაცემთა სუბიექტების დიდ რაოდენობად მიიჩნევა ბოლო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 3 პროცენტისა);
- ახორციელებს მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-
პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება
- ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახლებურად აყალიბებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. ახალი კანონი პირდაპირ მარკეტინგს განმარტავს, როგორც ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. ამასთან, პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
- საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი.
- უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, კანონი მიუთითებს, რომ მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან განსაზღვროს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის, რისი გამოყენების შესახებ მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეცეს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება. ამასთან, დაუშვებელია, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესდეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.
- რაც შეეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას წესების დარღვევით - პირის მიერ ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 - 3 000 ლარის ოდენობით (სუბიექტის სამართლებრივი ფორმისა და წლიური ბრუნვის გათვალისწინებით). ხოლო იგივე ქმედების ჩადენა დამამძიმებელი გარემოების არსებობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 - 6 000 ლარის ოდენობით.
-
ჯარიმები
-
ინციდენტის შეტყობინება
-
პორტირების უფლება
ახალი კანონის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ბმული - https://personaldata.ge/ka/legislation