,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ სსიპ - იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

2024-02-16 14:52:08
 

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ სსიპ - იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
 ტრენინგი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტერმინოლოგიურ სიახლეებს, მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, საფუძვლებს და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხებოდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მონაცემთა სუბიექტისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და იუსტიციის სახლის თანამშრომლების ვალდებულებები მათ ხელთ არსებული მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ გამოხატული დაინტერესებისა და კითხვების გათვალისწინებით, შეხვედრაზე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე მიმოიხილეს არასრულწლოვნების და გარდაცვლილი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასევე ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების სპეციფიკური გარემოებები.

დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ - თენგიზ მამულიამ და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - სალომე ქურასბედნიანმა მიაწოდეს.
შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ფიზიკურად და ონლაინ იუსტიციის სახლის 65-მდე თანამშრომელი ესწრებოდა.