ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა
2023-12-21 10:48:26შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.
წარმომადგენლებს კანონით გათვალისწინებული სიახლეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ჯავახიშვილმა, დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა ნინო ქათამაძემ და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შავლეგ თოდუამ გააცნეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ საკანონმდებლო აქტსა და იმ ძირითად საკითხებს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება საფინანსო სექტორის მიერ მონაცემთა კანონის მოთხოვნათა დაცვით დამუშავების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მომხსენებლებმა მიმოიხილეს მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, სუბიექტის უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, ჯარიმების ცვლილებების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების საკითხები და ა.შ. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორში მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე.საფინანსო სფეროს წარმომადეგნლები, საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის ძირითადი დებულებები ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შევა.