პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა გადამზადების გაძლიერებული კურსი გაიარეს
2021-05-25 10:37:15
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა სამდღიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. აღნიშნული კურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
კურსის მიზანს მონაწილეთა თეორიული მომზადება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა. შედეგად, ახალგაზრდა ელჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში და მიაწვდიან მოქალაქეებს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.
სამდღიანი მოსამზადებელი კურსი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგებოდა და აგებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე. რაც მონაწილეებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში სწორად გამოყენებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის, მონაწილეებმა მომზადება გაიარეს: ეფექტიანი კომუნიკაციის, ეფექტიანი პრეზენტაციის, საჯარო გამოსვლის, აუდიტორიასთან მუშაობისა და ფასილიტაციის საკითხებზე.
ახალგაზრდა ელჩები დეტალურად გაეცნენ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ასევე, სამსახურის პრაქტიკასა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტს. თეორიული ნაწილი მოიცავდა როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე ევროპული სტანდარტების გაცნობას. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის - სოფიო ჯიაძისა და სამსახურის სხვა თანამშრომლების ჩართულობით პროექტის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით გასატარებელი ნოვატორული იდეები განიხილეს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით ახალგაზრდებისა და რიგითი მოქალაქეების დაინტერესებას გაზრდის.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსს მოწვეული ტრენერები კონსტანტინე კორკელია, თეა გველესიანი და სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი - სალომე ქურასბედიანი უძღვებოდნენ.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანს სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის შეირჩნენ. მათი მონაწილეობით თბილისსა და რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიები აქტიურად გაგრძელდება.