პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საგანგებო განცხადება
2016-03-31 11:51:08მიუხედავად სახელმწიფო უწყებების ძალისხმევისა, დაანონსებული კადრების გავრცელების მცდელობა და მუქარა გრძელდება. მიმდინარე გამოძიებებს სავარაუდოდ, დაემატება კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და საზოგადოება დღითიდღე კარგავს ამ უმძიმესი დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიების იმედს.
ჩვენი მოქალაქეები ავლენენ მაღალ თვითშეგნებას და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას, საზოგადოება მკვეთრად და ხმამაღლა ამბობს, რომ სხვისი პირადი ცხოვრება მას არ ეხება და არ დაუშვებს პირადი ცხოვრებით შანტაჟს.
ასეთ კონსოლიდირებულ საზოგადოებას დღეს სჭირდება არსებული გამოწვევების დასაძლევად რესურსის სრულად მობილიზება და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს:
გამოძიების სისუსტეების სასწრაფოდ გაანალიზებას და ხარვეზების მყისიერად აღმოფხვრას;
მსგავსი საქმეების გამოძიების გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებისა და სამსახურების ჩართვას მიმდინარე გამოძიებების პროცესში, საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას გამოძიების ეტაპების შესახებ;
პირადი ცხოვრების ხელყოფის შედეგად საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას;
რეფორმების გაგრძელებას სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის გაზრდისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების გამყარებისთვის.
დასაკარგი დრო აღარ არის, მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტს განსაზღვრონ მაკოორდინირებელი უწყება ან ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპლექსური გეგმის მომზადებასა და მის განხორციელებაზე. ჩემი მხრივ გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღო ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანაში პირადი ცხოვრებაში უხეშად ჩარევისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის მანკიერ პრაქტიკას დაასრულებს.