გაკვეთილი - გაკვეთილამდე

2021-09-15 12:35:19
დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, იზრდება თითოეული მოსწავლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მასშტაბი, მონაცემთა დამმუშავებლების რიცხვი და შესაბამისად, მონაცემთა არასათანადო დამუშავების რისკები.

როდესაც სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ შევძლოთ იმ ზიანისა და უარყოფითი გავლენის დანახვა და თავიდან აცილება, რაც არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.

 

აღნიშნულ სტატიაში გესაუბრებით ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე, რეალურ ისტორიებზე, რომლებიც  ხვალ შესაძლოა ნებისმიერი თქვენგანის მაგალითი გახდეს.ჩვენი მიზანია უკეთ დაგანახოთ თქვენი უფლებები და დაგეხმაროთ მათ დაცვაში!

 

მოდით, ერთი წუთით ბავშვობაში დავბრუნდეთ და საკუთარი მაგალითებიდან გავიხსენოთ:

  • რას ვგრძნობდით, როცა მშობელთა კრებაზე ზოგიერთი მასწავლებელი, სხვა მშობლებისა და მოსწავლეების თანდასწრებით, ყვებოდა ჩვენი ყოფაქცევის ან/და ნიშნების შესახებ. ან რას ვგრძნობდით მაშინ, როცა სხვას - სანიმუშო მოსწავლეებს - გვადარებდნენ, ან პირიქით სანიმუშო მოსწავლის მაგალითად მოვყავდით, რის გამოც გავმხდარვართ სხვა მოსწავლეებისა და მშობლების ნეგატიურ დამოკიდებულების ობიექტი?
  •  რას ვგრძნობდით, როცა სხვა მოსწავლის მშობელი, შვილის ცუდ საქციელს ჩვენი მხრიდან მავნე ზემოქმედებას აბრალებდა და ამის გამო ჩვენთან მეგობრობას უკრძალავდა?
  • როცა დედა მხოლოდ ხუთოსან მოსწავლეებთან მეგობრობისკენ მოგვიწოდებდა, გვიფიქრია იმაზე, სად მიიღებდა ამ ინფორმაციას, თუ არა მშობელთა კრებებზე?
  • ჩვენი ემოციური მდგომარეობა, როცა გაკვეთილზე უყურადღებობის გამო ჩვენი პირადი დღიურის შინაარსი თანაკლასელებისთვის გახდა ხელმისაწვდომი?
  • რა ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენზე ჩვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის „კეთილი მიზნით“ გავრცელებამ?
  • ზემოაღნიშნულ სიტუაციებში ჩვენი ემოციები ცხადია არ იყო პოზიტიური და დაკავშირებული იყო გაბრაზებასთან, სირცხვილთან, მოწყენილობასთან, ნერვიულობასთან, უხერხულობასთან, შფოთვასთან. ბავშვობაში განცდილი ემოციები კი ჩვენს სამომავლო ცხოვრებასა და განვითარებაზე, არსებით გავლენას ახდენს.

 

                       

 

 როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილის უფლებები ირღვევა?

 ბავშვებს უნდა აუხსნათ, რომ არსებობს შეგრძნებები, რომლებიც თვითონ გვკარნახობენ, რომ შეიძლება ყველაფერი რიგზე ვერ იყოს!

 

თუ მათი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება  ნეგატიურ შეგრძნებებს იწვევს, აუხსენით რომ მათი დახმარება შეგიძლიათ.

 მათი უფლებების დასაცავად კი თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს მიმართოთ - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სასამართლოს, განათლების სამინისტროს!

 

 

 

 

 

არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის არასწორი გამოყენება შესაძლოა მათ ბულინგში, დაცინვაში, ჩაგვრაში გადაიზარდოს, რამაც ბავშვის პიროვნული განვითარება შეაფერხოს.

სამწუხაროდ, ზემოთ აღწერილ სიტუაციებში ახალგაზრდები დღესაც აღმოჩნდებიან ხოლმე. აღნიშნულს ემატება ახალი გამოწვევები, რომლებიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ გააჩინა. მაგალითად:

  •  არასრულწლოვნის ფოტო შესაძლოა აღმოჩნდეს სოციალურ ქსელში მშობლისა და ბავშვის ინფორმირების გარეშე, მაშინ როცა ბავშვს ან/და მშობელს, სხვადასხვა მიზეზით, არ სურთ აღნიშნული ფოტოსურათის გასაჯაროება;
  • შესაძლოა მშობელმა ან/და ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ სკოლაში ვიდეოთვალთვალი საპირფარეშოში ან/და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებშიც მიმდინარეობს, რაც კანონით აკრძალულია;
  • შესაძლოა ინტერნეტში აღმოჩნდეს ბავშვის ონლაინ სწავლების ამსახველი ფოტო, ვიდეო/აუდიო მასალა, რამაც შექმნას ბავშვის უფლებების დარღვევის საფრთხე.

 

ეს მაგალითები არ არის აბსტრაქტული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს განუხილავს არაერთი შემთხვევა, როცა არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების არაკანონიერმა გამოყენებამ, ნეგატიური შედგები გამოიწვია. მაგალითისთვის, შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

საქმე №1 - ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, რომელიც შემაკავებელი ორდერის საფუძველზე იყო განრიდებული ოჯახიდან და რომელსაც შეუცვალეს საცხოვრებელი ქალაქი სკოლა, ოჯახმა მისი პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროების შედეგად იპოვა;

საქმე №2 - მოსწავლისთვის წარსულში დასმული დიაგნოზი სამომავლოდ მისი დისკრიმინაციის მიზეზი გახდა;

საქმე №3 - სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მოსწავლის ახსნა-განმარტება, რომელიც თანაკლასელთან კონფლიქტს უკავშირდებოდა. მეტიც, დირექტორმა მედიასაშუალებას ბავშვისთვის ფოტოს გადაღებისა და მისი გავრცელების უფლებაც კი მისცა;

საქმე №4 - სკოლამ სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემების საშუალებით გადაღებული ბავშვების ქცევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა არაუფლებამოსილ პირს, რამაც არასრულწლოვნებს მძიმე ემოციური ტრავმა მიაყენა.

ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვებს აქვთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ამ უფლებების დაცვაზე მშობლებმა, სკოლამ და მათ ირგვლივ მყოფმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა ვიზრუნოთ.

2011 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მიღებულია საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც ზემოაღნიშნულ შემთხვევებს სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს და არასრულწლოვანთა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, იქ სადაც ფიქსირდება არასრულწლოვანთა მონაცემების არაკანონიერი დამუშავება (მოპოვება, გამოყენება, გავრცელება, გასაჯაროება და ა.შ.), ბავშვების დასაცავად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ეს რეალური ამბებია, ეს ამბები თქვენს ირგვლივ ხდება და თქვენ მათი შეცვლა შეგიძლიათ!

 

 

თუ გინდათ იცოდეთ რეალური ამბები არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების შესახებ, იხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  

👉 https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2021/01/არასრულწლოვნათა-მონაცემების-დამუშავება.pdf

თუ გინდათ მეტი გაიგოთ არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ  იხილეთ  სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციები  

👉 https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2018/12/რეკომენდაცია -მოსწავლეებისა-და-მშობლებისთვის.pdf

👉 https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2018/12/რეკომენდაცია-სკოლებსთვის-1.pdf

თუ გინდათ თქვენი ცოდნის შემოწმება იხილეთ ტესტი სკოლებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ   

👉 https://personaldata.ge/ka/library/post/6613